საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
image

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძეთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან გია ჭყონიასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
 
ქობულეთში ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 საჯარო სკოლაში და 6 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია კიდევ 5 საჯარო სკოლაში, ასევე იგეგმება 2 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო ერთი ბაღის მშნებლობა კი უკვე დასრულებულია.
 
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მისივე თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების განახლება და ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.
წყავროკას საჯარო სკოლაში განახლდება შიდა სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავსა და ფასადს, კეთილმოეწყობა ეზო და გარე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ბაღის შენობისა და ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
 
დღესვე, მთავრობის თავმჯდომარე, საუკუნოვანი ისტორიის მქონე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ახალი, ღია ტიპის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, განახლდა საჩოგბურთო კორტები და სკოლის ფასადი. მეორე ეტაპზე დაგეგმილია სკოლის შიდა სივრცეების სრული განახლება.
 
ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი მიმდინარეობასაც გაეცნო, პირველკლასელებს და მათ მშობლებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლისთვის წარმატებები უსურვა. წელს ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეგიონში მოქმედ 8 სარეალიზაციო პუნქტსა და ელექტრონულ პლატფორმაზე. განსაზღვრულ კატეგორიას მიკუთვნებული მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები კი სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ.
 
ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი, აჭარის მთავრობის, უმღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.