აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
ბათუმმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.ჩემპიონატი 9-10 მაისს გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე დაესწრნენ. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდული ნაკრების გუნდებმა ასპარეზობა ჯამში 15 მედლით დაასრულეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატის დასკვნით დღეს ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასპარეზობა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული 15 მედლიდან 6 მედალი აჭარის ნაკრების სპორტსმენების ანგარიშზეა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოში მესამედ ტარდება, ხოლო ბათუმი ტურნირს პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი დოლაბერიძე და ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ შენგელია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.